„მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი მნიშვნელოვან მთავარ აქციებზე და კიდევ ვიქნები სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე!”,- განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ზურაბიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას და განაცხადა, რომ ხვალინდელი აქცია მშვიდობიანი იქნება და პროტესტის მონაწილეები ძალადობას არ გეგმავენ.
„პირველ რიგში, მსურს, ვუპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომდა სამართლიანი ადგილობრივი არჩევნები და ამავე დროს, დაიმუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ეს ტყუილია. არანაირი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არ ტარდება ხვალ – ეს ჩვეულებრივი ფარსი და დაცინვაა იმ ადამიანებისა, რომელიც ქუჩაში გამოდის მშვიდობიანად უკვე 300 დღეზე მეტია…
ვინც ქუჩაში გამოდის, გამოდის იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა და ისინი არ დაკმაყოფილდებიან ამ ფარსით. არც არაფრის გამოგლეჯვის და გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი დიქტატურის მაგალითია.
მეორე და უფრო დიდი ტყუილია ის, რომ თითქოს რაღაც მცდელობა იქნება დამხობის, რომელშიც, თითქოს, ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც ფარსი და შეურაცხყოფაა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს, ამ დღეების მანძილზე, აჩვენა თავისი გამძლეობა და მედგრობა. [აქციების] არც ერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა, არანიაირი მცდელობა [დამხობის] და მათ აჩვენეს მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება, ძალიან მშვიდობიანად გამოხატვა წინააღმდეგობის და ეს დიდი მაგალითია. ჩვენ ამით ვართ ჩვენს პარტნიორებთან ცნობილი და ამით დავიმსახურეთ მათი მხარდაჭერა, ხოლო რეჟიმის იზოლირება”, – ამბობს ზურაბიშვილი.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გამართულ აქციაზე თუ „ძალადობრივ დანაშაულს“ ექნება ადგილი, შარშან დაკავებულებისგან განსხვავებით, „სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს“.
კობახიძის მტკიცებით, საჯარო მოწოდებების თანახმად, „ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა“.