მე არასამთავრობოში კი არ ვიყავი, დონორი ვიყავი - შალვა პაპუაშვილი

პუბლიკა

„არასამთავრობო სექტორში არ ვიყავი. მე ვიყავი დონორი ორგანიზაციის თანამშრომელი და არა არასამთავრობოსი. გაიარეთ ჩემი ბიოგრაფია”. – ასე პასუხობს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მან ეს  თქვა კითხვის პასუხად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, ისევ არასამთავრობო სექტორში რომ ემუშავა.

შალვა პაპუაშვილი 2017 – 2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ინტერესების წინაღმდეგ საქმიანობაში არასამთავრობოებთან ერთად სწორედ დონორ ორგანიზაციებს სდებენ ბრალს. სწორედ დონორების დაფინანსების გამო გეგმავს საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის აგენტებად მონათვლას რუსული კანონპროექტის მეშვეობით.