მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მრავალპროფილურ დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროებაზე შეკითხვებს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ უპასუხა.
მისი თქმით, ის რომ სამოქალაქო კლინიკაში მართავდეს ასეთ პაციენტს, გადაიყვანდა მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ის სამოქალაქო სექტორში არაა და აქ უსაფრთხოების საკითხიც დგას.
„ჯანდაცვის მინისტრთან ამ თემაზე (რომ ის ემხრობა თუ არა) არ გვქონია საუბარი. არამედ საუბარი გვქონდა, რომ ის უახლოესი საათების ტაქტიკა, რაც იყო გუშინ, გვიან საღამოს არჩეული, სწორია.
მე ვფიქრობ, რომ ამ დილით სწრაფად უნდა მოხდეს შეჯამება ამ კონსულტაციების და ამის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება.
სამედიცინო მოვლის კუთხით, გორის ჰოსპიტალი შესანიშნავი დაწესებულებაა, თუმცა მისმა მკურნალმა ექიმმა როგორც აღნიშნა, ერთი კონკრეტული აპარატის, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის არქონა გორის ჰოსპიტალს რიცხავს ამ სიიდან.
მე რომ სამოქალაქო სექტორში ასეთ პაციენტს ვმართავდე, გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა ეს არ არის სამოქალაქო სექტორი და აქ უსაფრთხოების საკითხია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ასეთ პაციენტს გადავიყვანდი მრავალპროფილურ კლინიკაში.“ – განაცხადა სერგეენკომ.
—————————————–
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, შიმშილობს. ის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაშია. 18 ნოემბერს მან გონება დაკარგა. ექიმი რეანიმატოლოგის განმარტებით, იყო სინკოპეს ეპიზოდი და ხანმოკლე რეანიმაციული ღონისძიების შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. სააკაშვილი შიმშილობას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აგრძელებს.
შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. 19 ნოემბერს ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის რეჟიმი გაამკაცრა და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე. სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ პარლამენტარები თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. შიმშილობენ საკრებულოს წევრები ზუგდიდსა და რუსთავში.
ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილის გადაყვანა საჭიროა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის გაივლის ინტენსიურ თერაპიას. მმართველი გუნდი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს პენიტენციურის ექიმთა ჯგუფი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.