მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის და მისი ჯგუფი მზად არიან აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მშვიდობისთვის იმუშავონ. ამის შესახებ ზელენკსი X-ზე წერს.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება.

ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება – აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე – და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე“,- წერს ზელენსკი.

როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, „ისე არ წარიმართა როგორც უნდა ყოფილიყო.

„დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.

იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – წერს ზელენსკი.

დღეს, 4 მარტს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.

მედია წერს, რომ ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ.

დონალდ ტრამპის ბრძანება ეხება 1 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და და დონალდ ტრამპის დაპირისპირება თეთრ სახლში.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც Bloomberg-ს კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მისი განცხადებით, შეჩერდება ყველა სახის სამხედრო დახმარება, რომელიც ჯერ არ არის უკრაინაში – მათ შორის, ეს ეხება იმ შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

გუშინ, 3 მარტს დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დღეს, 4 მარტს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

3 მარტსვე მან თქვა, რომ მისი მხრიდან კიევის მიმართ იმედგაცრუებისა და ფრუსტრაციის მიუხედავად, კვლავ შესაძლებელია აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმების მიღწევა.