ქუთაისის რაიონულ სასამართლოში 12 იანვარს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული მერაბ სარალიძისა და კიდევ 3 ადამიანის პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ ორი ბრალდებულის, გიორგი ნეფარიძისა და მერაბ სარალიძის საბოლოო სიტყვებს მოუსმინა.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
მერაბ სარალიძემ პროცესზე დეტალურად ისაუბრა ჭიათურაში არსებულ მდგომარეობასა და პროტესტზე, მაღაროელთა სამუშაო პირობებზე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მისი თქმით, კომპანიაში არსებულ კორუფციაზე, ასევე მაღაროელთა მიმართ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელშიც სარალიძის თქმით, აქტიურად იყო ჩართული სამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ და მოქმედებდა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით.
ბრალდებულმა ისაუბრა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მუქარაზეც, მათ პასუხისმგებლობაზე, ასევე სასამართლო განხილვების დროს გამოკითხულ მოწმეებზე და თქვა, რომ ციხეში ყოფნას არავის უსურვებს.
„მე არავის პატიმრობა არ გამიხარდება. არ მინდა ვინმეს ცოლ-შვილმა იგივე გაიაროს, რაც ჩემმა ცოლ-შვილმა გაიარა. მაგრამ, მათ ხომ რეალურად ძალიან კარგად იციან, რა გაჭირვებას გადის ჩემი ოჯახი და, მიუხედავად ამისა, არ შეუწუხებიათ სინდისი და ერთი სიტყვა სიმართლე არ უთქვამთ აქ [სასამართლოში].
როდესაც ჩვენ დაგვიჭირეს, ჩვენ ხომ დაგროვილი ხელფასი ასაღები გვქონდა, დაურიცხეს მაღაროელების ნაწილს, მაგრამ ჩემთვის არ დაურიცხავთ და არ დაურიცხავთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე კომპანიას უსამართლობაზე თავს არ უხრიან. მათი [კომპანიის] დანაშაული დანაშაული არ არის?…“, – აღნიშნა სარალიძემ.
მისივე განცხადებით, ჭიათურის მოსახლეობა და მაღაროელები დიდი ხანია, რაც ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას მოითხოვენ, თუმცა სარალიძის თქმით, ყურადღება მხოლოდ 2024 წლის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიმსახურეს და პროტესტის მონაწილეებს „ცრუ დაპირებები“ მისცეს, რომ საარჩევნოდ მაღაროელთა პროტესტი გაჩერებულიყო, მაგრამ დაპირებები კვლავ არ შესრულდა.
„როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთო, ჩვენ პრემიერს არაერთხელ მივმართეთ, ჯერ წერილობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლით, შემდეგ საჯაროდ და ღიად ვსაუბრობდით და გულწრფელად ვთხოვდით, რომ ჩარეულიყვნენ ამ სიტუაციაში და ნუ დატოვებდნენ ხალხს კომპანიასთან პირისპირ. იმ კომპანიასთან, რომელსაც არ ადარდებს ადამიანების ბედი და მისთვის ყველა უკანონობა არის კანონიერი, როცა სჭირდება და აწყობს.
არავინ თავი არ შეიწუხა, არავინ ჩვენ არ მოგვისმინა და დაახლოებით 2 თვის წინ პრემიერმა პარლამენტში ჩვენთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა – 6 კაცია დაჭერილი, დამნაშავეები არიან და მოიხდიან სასჯელსო. ახლა მე მაინტერესებს, რომელ 6 კაცზეა საუბარი? აქ ოთხნი ვსხედვართ…
ძალიან ბევრი დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური განცხადება გაუკეთებიათ ჩვენთან მიმართებით და აღარც მაწუხებს, შევეჩვიე უკვე, მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, ალბათ, პრემიერს ჩვენზე კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ ბრალდებულები ვართ და არა მსჯავრდადებულები.
არასოდეს არავინ თავი რომ არ შეიწუხა და ამ ხალხის [ჭიათურელების] პრობლემები არ მოისმინა და სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი რომ ასეთ განცხადებას აკეთებს, ჯერ გულდასაწყვეტია და მერე კიდევ, რის მოლოდინი უნდა მქონდეს? უბრალო ადამიანის სიტყვას არც კი მივაქცევ ყურადღებას, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი როდესაც აანონსებს, რომ პატიმრობაში უნდა ვიყოთ, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და როგორც ჩანს, მთელი პოლიტიკური ელიტაა ჩართული ამ ყველაფერში, რომ ეს უსამართლობა თავს მოგვახვიონ, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და სამართალი ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს“, – თქვა მერაბ სარალიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 26 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტში დაკავებული მაღაროელების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა:
„რაც შეეხება კონკრეტულ ექვს პიროვნებას, ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ არა მარტო სამართალდამცველებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, როცა უხეშად, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას.
ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს“.
2025 წლის 29 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის მონაწილეები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით დააკავა.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.