მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში - ჩალაძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე წერს, რომ აპირებს დააყენოს საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

მისი თქმით, მთავარი საკითხია მიხელ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომ საჭიროა ეფექტური მოქმედება.

„სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.  ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო.

პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.

მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქაც და ემიგრაციაშიც, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო“, – წერს ის.

გუშინ პარტიის წევრებმა ლევან ხაბეიშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას. თუმცა, მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს და შიდა მოლაპარაკებების შედეგად რომელიმემ შეცვალოს პოზიცია. 


9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურისა და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობენ და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.

პარტიაში მთელი დღის მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.