„მე დიასპორა არ ვარ“ – ამ წარწერებით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ავრცელებენ და პროტესტს გამოხატავენ.
15 მარტს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. სწორედ ამას მოჰყვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასება.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ზოგადად მიესალმებიან პარლამენტში ეროვნული უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები და ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად თანასწორობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა, რადგან ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს საქართველოს მოქალაქეებს და გაუცხოებისა და გარიყულობის განცდას აჩენს.
„თუკი სახელმწიფოს მართლა აინტერესებს უმცირესობათა წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები და ინტეგრაციის პროცესი, გაუგებარია, რატომ არ იქმნება საკონსულტაციო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე, რომლის პირდაპირი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი“, – ამბობენ ისინი.
დღეს, 12 საათზე პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართება.