უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშილის ნათესავებისა და გარემოცვისთვის დაწესებული სანქციების შესახებ პარტია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს „მეორე ფრონტის“ გახნის მცდელობაა, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ.
„გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და იგივე უწყება ქვეყანას აშანტაჟებს სანქციებით. სანქციებში მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ იცით ამას რა რიტორიკაც უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი, რომ ქვეყანა შანტაჟით ჩაითრიონ ომში და აქ გახსნან მეორე ფრონტი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, “-უთხრა მან ჟურნალისტებს.
მან ასევე თქვა, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და პარტნიორულ ურთიერთობაზე მოახდენს თუ არა გავლენას, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტია.
„რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება მე არ ვიცი. აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. მე არ ვიჩქარებდი. მე მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, მეორეს, მხრივ ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ, რომ არის ომი, აქედან გამომდინარე მე ემოციებს არ ავყვებოდი და შევინარჩუნებდი ცალმხრივ მეგობრობას, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი პოზიცია, “- თქვა მან.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.
სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.
უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ამ პირებისთვის აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, სახელმწიფო ქონების იჯარით აღების შესაძლებლობის შეჩერებას, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების ჩამორთმევას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს.