მე გარანტორი და დამცველი ვარ კონსტიტუციის – ზურაბიშვილი

პუბლიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ საბოლოო მიზანს მიაღწიოს, საჭიროა, კრეატიული აზროვნება და ახლებური, არაორდინარული გზების მოძებნა.

„იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს საბოლოო ინტეგრაციისა, არ უნდა გავიმეოროთ, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეულით, არამედ, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, ჩვენ რაღაც ახლებური, არაორდინარული გზები უნდა გამოვნახოთ ამის მისაღწევად, ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა“, – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ის გარანტორი და დამცველია ახალი კონსტიტუციის.

„ჩვენი ახალი ტიპის კონსტიტუციისთვის ახალი პირობები და ახალი ჩარჩო შევქმენით. მე გარანტორი და დამცველი ვარ ამ დოკუმენტის, კონსტიტუციის. ამის სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა სინქრონული თარგმანით მიმდინარეობდა.