ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სააკაშვილი სიტყვით მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას.
გთავაზობთ მისი გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ის მის მიმართ წარდგენილ ბრალსა და გამოტანილ მსჯავრზე საუბრობს.
„მე ვარ ორ საქმეზე გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ.
ერთი – ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის.
ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულნი 2008 წლის ომის შემდეგ. მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი. მათგან ერთი, გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის ციხეში. ამით მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ 6 თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა „უდოთი“ და ამ მოსამართლეებიდან ერთი ახლა მე მასამართლებს „პიჯაკების საქმეზე“.
მართლა ხომ არ ბნელა? ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა?
რაც შეეხება გელაშვილის საქმეს, რომელიც არის, დაახლოებით, ამგვარ ჩვენებაზე დაფუძნებული – „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“, არც ერთ სამართლებრივ ქვეყანაში არ შეიძლება იქნას მიღებული, როგორც მტკიცებულება. და რა გასაკვირია, რომ, როდესაც ეს განაჩენები ინტერპოლს გაუგზავნეთ, ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები. როგორც სამარცხვინო.
თვითონ ვესაუბრე ინტერპოლის პრეზიდენტს, რომელმაც მითხრა, რომ „თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო”.
რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, რომ ატრიალებთ კადრებს, რომელიც ცუდი სანახავია და ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი, რომელსაც დაზარალებულების რაოდენობით ვერც შეედრება 7 ნოემბერი? გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი, რომელიც წაახალისა უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი განცხადებებით?
მაგრამ მინდა, ვილაპარაკო იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რაც მაშინ იყო საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ, 2006-ში პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს პროცესი შეეჩერებინა.
იმ წელს ლუკაშენკომ მკითხა, თუ ვინ არის არკადი პატარკაციშვილი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ჩემთან სურს შეხვედრა. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მაქედან არ გამოვა-მეთქი. არ მიიღო. მერე მაინც ჩავიდა მინსკში პატარკაციშვილი.
ეფესბეს სამი გენერალი ჩავიდა (ესაა ლუკაშენკოს ნათქვამი) და პატარკაციშვილს შეხვდა და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.
ამის შემდეგ იწყება კამპანია – პატარკაციშვილის დაფინანსებული გამოსვლები. ეს ფული იყო მთლიანად რუსული (ვისაც აინტერესებს, თუ რა შუაშია რუსეთი).
ამის გამო საქართველოს სუს-ში, თუ რაც ჰქვია ახლა, უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს 2007 წლის შემოდგომაზე, რომ ერევანში ჩასულები იყვნენ უსოიანი და კიდევ რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა მიზანი იყო არეულობა საქართველოს დედაქალაქში. ესაა ეფბიაის გაფრთხილება და წერილი.
2007 ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა ამერიკის ელჩი ნატოში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინსიტრი. ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპის მიცემა, ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებით. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს დაიწყო დიდი გამოსვლები.
მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ყველა გამომსვლელი რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა. ეს იყო რთული პერიოდი, ჩვენ ჩავატარეთ რთული რეფორმები, რამდენიმე ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ საკმაოდ მაღალი. ხალხს ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რომ ჩვენზე გაბრაზებულნი ყოფილიყვნენ.
მართლაც, იყო დიდი მიტინგი. ეს იყო სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სეფე სიტყვა. და ამით ნათელი გახდა ყველაფერი. შემდეგ გაგრძელდა პატარა აქციები.
7-ში დილით მაღვიძებენ, რომ პოლიციას შეტაკება მოუვიდა ვიღაცებთან. დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ. როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ უფრო ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა, ამის შემდეგ ჩაერთო შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ყველაფერს მე ვუყურებდი ტელევიზორით. ისინი ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას ისე, როგორც ესმოდათ. ისინი იყვნენ ძალიან გამოუცდელები. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაღუპულა. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთან მე სახლშიც მივედი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში. ამაზე არავის მოსდის საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა.
ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც არავინ არ აკეთებს – გადავდექი. შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწად-ნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. რატომ გავაკეთე ეს? იმის გამო, რომ ჩამეშალა გეგმები, რომ ამ აქციების გამო არ დაგვბლოკოდა ნატოსთან ინტეგრაცია. მერე პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია და მითხრა, რომ სწორედ იმიტომ მიჭერდნენ მხარს, რაც გავაკეთე, რომ გადავდექი – რომ არ ეპოტინები ხელისუფლებასო.
ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე უკვე ვერდიქტი გამოიტანა, რასაც ახლა აქ მედავებიან“. – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.