მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების. არ ვიცი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები თუ არა ამ ქვეყანაში, ვიდრე დღეს ვარ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია, როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. საერთოდ არ მაქვს პრიორიტეტი არავის მიმართ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ”, – აღნიშნა მან.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ის არ ფიქრობს, რომ თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ავტომატურად ბედნიერება ელოდება.

„ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენ მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება? ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად მისაღებია ოპოზიციის პროტესტის გამოხატვის ფორმები მისთვის, ის პასუხობს:

„ჩემი აზრით, პრაგმანტული უნდა იყო. პროტესტი ყოველთვის ადეკვატურია, როცა არის ადეკვატური. ანუ ადეკვატური უნდა იყო და დღეს ადეკვატურობა არის, რომ მოუსმინო შენს მთავარ მოკავშირეს და მეგობრებს. ხელისუფლებამ ისეთი სიგიჟე ჩაიდინა, რომ მთელი საერთაშორისო მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს. ეს ოპოზიცია ძალიან უცნაურად იქცევა და დიდი ხანი, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა ნიკა მელიას დაკავებით და მხარდაჭერა გადმოვიდა ოპოზიციის მხარეს.

მე ვურჩევდი ოპოზიციას, ნუ გაფლანგავს მხარდაჭერას. რომელიც მათი მონაპოვარი არ არის. [ოპოზიცია მხარდაჭერას] აქციებით ფლანგავს. აი, ამ სულელური პროვოკაციული აქციებით შეიძლება გავფლანგოთ ის მხარდაჭერა, რომელიც დაუმსახურებლად მივიღეთ ახლა „ქართული ოცნებისგან” საჩუქრად. მშვიდობიანი აქციები კი არა, უნდა წავიდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე გასაგები პოზიციით – მართლა უნდა ვთქვათ, რა გვინდა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.