მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს - პრემიერი

პუბლიკა

„ჩვენი ხელსუფლება და ჩვენი მთავრობა ჩემი მეთაურობით ვატარებს ეროვნულ პოლიტიკას, უსაფრთხოების საბჭოს გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მოიწვია უშიშროების საბჭო.

„რა თქმა უნდა, მე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივ რეჟიმში, იმ ინფორმაციების, რომელიც მოეწოდებოდა ჩვენს სამსახურებს და ეს არის ჩემი ყოველდღიურო მუშაობის ნაწილი. შესაბამისად, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს ამ ვითარებაში არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

შეკითხვაზე, უნდა გამართულიყო თუ არა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა, პრემიერი პასუხობს, რომ არანაირ საჭიროებას არ ხედავს და, რა თქმა უნდა, არ მივა.

„რა თქმა უნდა, პარლამენტში არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე. პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს.

მეორე, უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებს. მათ ამოცანა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორებაა, რომელიც 2008 წელს ვერ აიცილეს. ამაზე მინდა გითხრათ თქვენ, 2008 წლის ომში ჩვენი გმირი ჯარისკაცები ომობდნენ თავგანწირვით; მაშინდელი ხელისუფლება და ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე განრთხმული ეჩვენა მთელ მსოფლიოს და პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ“, – აცხადებს ღარიბაშვილი.