მე მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე ეს გაჭრილი ჯაჭვი – თალაკვაძე

პუბლიკა

სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის შემდეგ ბიუროს სხდომა დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ უნდა აუხსნას მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება.

„მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და რას ნიშნავს ის აქტივობები, რაც გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციების ფარგლებს.  ეს ნიშნავს სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას, რომელიც უკავშირდება საზოგადოების წესრიგს, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტს, რომელიც უკავშირდება პენსიების გადარიცხვას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც უკავშირდება სოციალური დახმარების გაცემას და რომელიც უკავშირდება მიმდინარე, თუ მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, აქციაზე მყოფი ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს,  მედიასა და კერძო საკუთრებას.

„ისინი დღეს ცდილობდნენ, ბოქლომი დაედოთ სახელმწიფო ინსტიტუტისთვის. ამიტომ მე მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ეს გაჭრილი ჯაჭვი“, –თქვა თალაკვაძემ.