მე პირადად, ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ, გულწრფელად გეუბნებით - ვაშაძე

პუბლიკა

„მე პირადად, ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ, გულწრფელად გეუბნებით“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ვაშაძემ თქვა, რომ საარჩევნო ბარიერი 5% არ უნდა იყოს, თუმცა არ ემხრობა უბარიერო სისტემას.

„მე პირადად, ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ, გულწრფელად გეუბნებით. ვფიქრობ, რაღაც ბარიერი, 3-2% მაინც უნდა იყოს, იმიტომ, რომ 150 კაციდან თითო სხვადასხვა პარტიიდან რომ იყოს წარმოგიდგენიათ?  კატასროფა იქნება. ამის პრაქტიკა არც არის, ამიტომ, მე ამის მოხრე არ ვარ.

თუმცა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ, რადგან ეს საკითხი გარკვეულ პარტიებს უნდოდათ. ჩვენ კომპრომისზე წავედით და თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, მზად ვართ, ეს საკითხი დავთმოთ.

შესაბამისად, კომპრომისზე წავიყვანეთ „ქართული ოცნება“, რომ 0-დან 3%-მდე საუბარი არის, მაგრამ მთლად უბარიერო სისტემაზე ისინი არ წამოვიდნენ. ამიტომ, ეს თემა სამჯელოა. ის, რომ ბარიერი 5%-დან დასაწევია, ფაქტია, მაგრამ ერთი რამის თქმა მსურს, ცალკე აღებული ბარიერის დაწევა ან არდაწევა ეს ხომ არსებულ კრიზისს ვერ მოაგვარებს? ჩვენ გვინდა გრძელვადიანად ისე მოვაგვაროთ ეს კრიზისული სიტუაცია, რომ ხვალ და ზეგ იგივე პრობლემა არ დაგვიდგეს. ქართული პოლიტიკა, როგორღაც გადავდოთ ხალხზე ზრუნვაზე და არა იმაზე, რომ სულ ჭიდილი იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.