„მე პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში“ - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს III პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

„მე პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მან მოუწოდა უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, არჩევნების დღეებში ჩამოვიდნენ საქართველოში.

სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები გაყალბებულია, თუმცა ამბობს, რომ არ ეშინია იმის, თუ დააპატიმრებენ. მისი თქმით, მისი ბედი ქართველი ხალხის ხელშია.

სააკაშვილის თქმითვე, „არანაირი რევანში არ იქნება, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ რევანშის და უბედურების წრეზე სიარული.“

„თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში.

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გაითავისუფლების საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში. ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც მე შემეხება, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსზე, როცა ეს ყველაფერი ხელთ მექნება. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს“, – აცხადებს ის.

„ყველა კონკრეტულ გადაადგილებაზე, მარშრუტზე, თარიღზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც მე შემეხება, ჩაგაყენებთ, როცა ყველაფერი მექნება ხელთ, საქმის კურსში. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად, გამარჯვებას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.