მე პირადად ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი - მელია

პუბლიკა

„როდესაც გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ვანო მერაბიშვილს არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე”, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ „tv პირველის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვანო მერაბიშვილი იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის” სიაში, მელიამ აღნიშნა, რომ არ იქნება.

მისი თქმით, მერაბიშვილმა ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა, „როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა და ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო” და ამას აფასებს. თუმცა, მისივე შეფასებით, ამასთან ერთად, იყო ბევრი რამ, რაც მისი თქმით, „ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ანტიკონსტიტუციური იყო”.

„მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როდესაც გირგვლიანის ტრაკიგული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე.

სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში კი, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, ისე დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ მისი ცოდნა, პოზიტიური, უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ნეგატიური გამოცდილება და მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი. არსებობს ფასეულობები, არსებობს ღირებულებები… “, – განაცხადა მელიამ.