მე პირადად მაჟორიტარობას ვაპირებ და, სავარაუდოდ, თბილისში - ვაშაძე

პუბლიკა

ოპოზიციურ პარტიებს შორის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანი სტრატეგიით მოქმედებას აგრძელებს და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ერთიანი განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

„კიდევ ერთხელ ნახავთ ჩვენს პოზიციას იმის შესახებ, რომ აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება. მესამე შევაფასეთ ის გარემოება და აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და ეს გარემოება ოქტომბერში ახალი კოალიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც დემოკრატიას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ზოგადი საუბარი ჰქონდათ მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით.

„ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და მაჟორიტარობას, სავარაუდოდ, თბილისში ვაპირებ. პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით, „ახალი საქართველოს“ გუნდი იქნება გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ფორმატით, სადაც არის ენმ-ი და სხვა პარტიებიც არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეკითხვაზე – ოპოზიციური პარტიების ერთობაში მაჟორიტარად მის კანდიდატურას ჰყავს თუ არა ბევრი მხარდამჭერი? – უპასუხა, რომ მან არ იცის მისი კანდიდატურის მოწინააღმდეგეების შესახებ.