მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით?! - ბოლქვაძე მელიას იმუნიტეტზე

პუბლიკა

პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას, – აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე.

შეკითხვაზე, რა იქნება პირადად მისი გადაწყვეტილება, ანუ დაუჭერს თუ არა მხარს მელიასთავის უფლებამოსილების შეჩერებას, პასუხობს:

„მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით?! ჩემი აზრი, ხომ გითხარით, ჩემი აზრი არის ერთადერთი – კანონის უზენაესობა”, – ამბობს ბოლქვაძე „მთავარ არხთან”.


ხვალ, 16 თებერვალს ნიკა მელიას საქმეზე კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. პლენარული სხდომა კი მოგვიანებით, 12 საათზეა ჩანიშნული, სადაც პარლამენტი კენჭს უყრის ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.