საარჩევნო ბლოკის „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრები ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ უპასუხა.
„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც იყო შარლ მიშელის გეგმაში ჩამოწერილი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ მართალია, მაგრამ ეს იყო ძალიან საინტერესო, ძალიან სასარგებლო შეხვედრა. როგორი ცოტა დროც არის დარჩენილი 16-მდე, ასეთივე ცოტა დრო აქვს დარჩენილი ყველა მხარეს.
მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აქ არ არის მოგებული ან წაგებული მხარე. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, რომ ვინ რას დაუმტკიცებს ერთამენთს, არამედ ამით გაიმარჯვოს ქვეყანამ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროატლანტიკური არჩევანისკენ, რადგან ეს დგას სასწორზე, “- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზე, რომ მხარეები მივიდნენ ისეთ შეთანხმებამდე, ქვეყანამ ამ დაძაბულ და პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესში არა მხოლოდ დღევანდელი კრიზისი გადალახოს და გამოვიდეს, არამედ სამომავლოდაც არ ჰქონდეს ქვეყანას მსგავსი შემთხვევა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს, გამთენიას ჩამოფრინდა. დილიდან ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „ქართულ ოცნებას“. დანიელსონმა განცხადებები გააკეთა მედიისთვისაც. ის საქართველოს 14 მარტს დატოვებს.