„მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც არ ვიქნები. მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, ის სიტყვას არ დაარღვევს და ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება გუნდის ნებისმიერ წევრთან პოლიტიკურ თემებზე.
„მე სიტყვას არ დავარღვევ, მე საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. ახლა პირადი – ადამიანები ვართ და შეიძლება დაბადების დღე მივულოცოთ. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში. ძალიან საყვარელი, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს ყოფითი ცხოვრების დონეზე და არა პოლიტიკურ თემებზე. პოლიტიკურ თემებზე მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც შეასრულებენ. არც დამირეკავენ და არცერთნაირი კრიტიკა ჩემგან მათ არ მოხდება. არ მოხდება ჩემი საჯაროდ გამოსვლა. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადებების შემდეგ და შეიძლება ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ მე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც “, – განაცხადა მან.
11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა წერილი, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პარტიას.