მე რაღაცნაირად არ მესმის რა ხდება ოპოზიციაში - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„პირველ რიგში, ჩემი აზრით, ახლა მთავარია გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციაში. იმიტომ, რომ მე რაღაცნაირად არ მესმის რა ხდება ოპოზიციაში”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ტელეკომპანია „მთავართან” აცხადებს.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ  მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ, ლაპარაკის გასაგრძელებლად მე ელისაშვილსაც შევუთანმხდები და ნებისმიერსაც. ჩემი პოზიციაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გვჭირდება პროპორციული არჩევნების ბარიერის დასაწერად, ამისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან” მეგობრობა მჭირდება პირველ რიგში”, – ამბობს ვახო მეგრელიშვილი.


ვინ რა პოზიციაზეა ოპოზიციაში? – ამ შეკითხვაზე პასუხი აქტუალური კიდევ ერთხელ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შემდეგ გახდა.

„გირჩის“ იდეაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოაზრებული იყოს, როგორც ერთგვარი პლებისციტი – თუ მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ამ საკითხის განსახილველად, პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და ახლა ორივე პარტია ამ იდეას ერთობლივ გამტარებლად მოიაზრება.

ალეკო ელისაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ორი პარტია მოლაპარაკების გაგრძელებას სწორედ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი „ლელოსა“ და სხვა პარტიებთან გეგმავს.

აპირებს თუ არა გიორგი ვაშაძე, შეხვდეს მათ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ  ნებისმიერ იდეაზე მსჯელობა უშედეგოა, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს რამე ნაბიჯს და არ დააფიქსირებს პოზიციას, მან პროცესს „წყლის ნაყვაც“ კი უწოდა. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„გირჩის“ ამ იდეაზე საუბრისას ფორმატთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ასევე „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები პარტიას სწორად არ მიაჩნია.

მეორე მხრივ, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამ თემაზე უსაუბრიათ როგორც „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ასევე „ლელოსთან“ და არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ მის იდეას აქვს ნაკლი.

„მოქალაქების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც ამბობს, რომ გიორგი ვაშაძემ პოზიცია – ინდივიდუალურ კონსულტაციაზე თანხმობა – უარით შეცვალა. ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია და ვერ ხსნის, რატომ მოხდა ასე. მისივე თქმით, ფაქტია, რომ ვაშაძეს ვიღაცის შეეშინდა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ლევან იოსელიანი „მთავართან“ საუბრისას ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს” ლიდერების გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას მხრიდან ხდება დანარჩენ ოპოზიციაზე ბულინგი და ზეწოლა.

„ვერავინ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მით უმეტეს ის ხალხი, რომლებსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წევრი, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ დანამატი”, – თქვა ლევან იოსელიანმა.

„ეს ბატონები არ წარმოადგენენ ძირითადად ოპოზიციას, ესენი ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად, მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ. ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა.

„არ ვაპირებ უარის თქმას შეხვედრაზე“ –  ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიცია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზებაზე.