მე რატომ უნდა დამიბარონ, რა შუაში ვარ - ლილუაშვილი

პუბლიკა

„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება, დაელოდეთ გამოძიებას, გამჭვირვალედ მიმდინარეობს საკმაოდ“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებზე.

მას ასევე ჰკითხეს ოპოზიციის მოთხოვნაზე, დატოვოს ლილუაშვილმა თანამდებობა.

„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გამოკითხვაზე რატომ არ იბარებენ თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის, ყველა გამოიკითხება.

„მე რატომ უნდა დამიბარონ. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.