მე თქვენი იმედი მაქვს, გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინაში - გიული ალასანია ზელენსკის

პუბლიკა

რუსთავში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილის დედა ვიდეომიმართვაში ამბობს, სააკაშვილი მის თვალწინ კვდება და უიმედო მდგომარეობაში არიან. ამიტომ, სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს, რომ დაეხმაროს მათ და რამენაირად მისი უკრაინაში გადაყვანა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

„საჭიროა, რამენაირად მისი უკრაინაში გადაყვანა. სადაც აღმოუჩენენ შესაბამის მკურნალობას, მზრუნველობას და გადარჩება. ეს უკვე მისი შიმშილობის 35-ე დღეა. წარმოგიდგენიათ? ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ მომენტში“, – ამბობს გიული ალასანია.


ალასანიას თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ციხის საავადმყოფო შესთავაზეს, სადაც არც შესაბამისი სამედიცინო პერსონალია და არც საჭირო აღჭურვილობა აქვთ.

„მე თქვენი მეიმედება, ყველა თქვენგანის – უკრაინელი ხალხის. მივმართავ უკრაინელ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. უპირველს ყოვლისა კი – პრეზიდენტ ზელენსკის“, – ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ ის მის წინააღმდეგ გამოტანილ მსჯავრს და საქმეებს აპროტესტებს და შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.