მე თვალს სახლიდან მივადევნებ და ყველას მოვუწოდებ ასე მოიქცეს - გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საპატრიარქოსთან „დაბალანსებულ გამოსავალს“ იპოვის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით. თუმცა, თავად აპირებს, რომ წირვას თვალი სახლიდან მიადევნოს და მოქალაქეებსაც ამისკენ მოუწოდებს.

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს.

მე, რა თქმა უნდა, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ასე მოიქცეს.

ჩვენ რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ქვეყანასა და დღევანდელობას შეესაბამება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეკლესიასა და მთავრობას შორის, ერთი მხრივ, ლიტურგიის ჩატარებისა და, მეორე მხრივ, მოქალაქეთა ჯანმრთელობის საკითხით სპეკულირებას გარკვეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოსთან კონფლიქტი არ მოხდება.