„მე უფრო მეტს დავკარგავ ამით თუ გახარია, ვნახავთ" — გვარამია #ნუგვეტენებით-ზე პასუხობს

პუბლიკა

მოძრაობა „ახალის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პასუხობს გიორგი გახარიას, რომლის პარტიამაც დღეს განაცხადა: #ნუგვეტენებით.

ამით გახარიას გუნდმა პოლიტიკურ სუბიექტებს და პარტიებს უთხრა, რომ არავისთან, მათ შორის, არც ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობას, მოლაპარაკებას არ აპირებენ და 2024-ს არჩევნებზე დამოუკიდებლად იმოქმედებენ.

ნიკა გვარამიას ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან სამომავლო თანამშრომლობაზე გუშინ „ტვ პირველზე” ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა მათ შორის რაიმე სახის კოალიცია. გვარამიამ თქვა, რომ გახარიას, როგორც მოკავშირეს არ განიხილავს, თუმცა მასთან მოლაპარაკებები არ გამორიცხა.

„ტვ პირველის“ წამყვანმა დამისვა შეკითხვა გახარიასთან დაკავშირებით, თუ განვიხილავ მას რაღაც სამთავრობო კოალიციაში მომავალში. პარტიად ნამდვილად არ განვიხილავ, როგორც მოკავშირეს, მაგრამ რაც შეეხება ზოგად კოალიციას, ჩემთვის არამოლაპარაკებადი არ არის, მაგრამ ვიღაცას თუ არ უნდა ლაპარაკი არც ჩემთან, არც სხვებთან და არ ვიცი, კედლებს ეჩხუბება, ეს ხომ არ არის ჩემი პრობლემა. ეს მათი პრობლემაა, ვინც ამას აკეთებს. წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, არ მჯერა ეგეთი წარმატების. ჩემი არჩევანი ეს ვერ იქნება. მე ჩემი არჩევანი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემასაც არ ვაპირებ. გამოპასუხება არ იქნება. რა პრობლემაა. მე უფრო მეტს დავკარგავ ამით თუ გახარია დაკარგავს, ქვეყანა დაკარგავს, ამას ვნახავთ”. – ამბობს ნიკა გვარამია. 

დღეს მიხეილ დაუშვილს, გახარიას გუნდის წევრს ჰქონდა ბრიფინგი პარლამენტში, სადაც თქვა, რომ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ აპირებენ გაერთიანებას და პარტია „საქართველოსთვის” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

დაუშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობასთან“, ნიკა გვარამიასთან, ნიკა მელიასთან გახარიას გუნდს არ ექნება „არავითარი კავშირი და თანამშრომლობა”, რადგან მათ შორის ღირებულებითი სხვაობებია.

როგორც დაუშვილმა განაცხადა ახლა გახარიას პარტიის დაზიანება როგორც „ოცნების”, ისევე „ნაცმოძრაობის” ინტერესებშია.