მე ვიქნები ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოღონდ კონკრეტულად რომელ ოლქში, ამაზე ჯერ არ უსაუბრია. „TV პირველთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ შეიძლება იყოს სამეგრელოში ან თბილისის რომელიმე ოლქში.

„გითხრათ, რომ სიხარულისგან მე-9 ცაზე ვარ, ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ნებისმიერ ოლქში, არა, მაგრამ ეს არის ბრძოლა, ომი პოლიტიკური. ვალდებულებაა. ვერანაირად ვერ გაექცევი. კი, რა თქმა უნდა, მე ვიქნები ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი.

მე განვიხილავ თბილისში ერთ-ერთი ოლქს და ასევე დასავლეთ საქართველოშიც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


დღეს გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე რამდენიმე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მაჟორიტარობას აპირებენ.

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, სავარაუდოდ, თბილისის რომელიმე ოლქში წარადგენს კანდიდატურას. „პროპორციულ ნაწილში ცალ-ცალკე ვიქნებით, „ახალი საქართველოს“ გუნდი იქნება გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ფორმატით, სადაც არის ენმ და სხვა პარტიებიც არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, ცნობილია, რომ მაჟორიტარობას აპირებენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავაც.

„დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის საუბარი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

გიგი უგულავა კი ოლქებზე პოზიციების შეჯერებას ელოდება: „მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, სხვა პარტიებთან უნდა გავიარო კონსულტაციები”.

დღეს ასევე ალეკო ელისაშვილმაც განაცხადა, რომ ის ფიქრობს მაჟორიტარად კენჭისყრაზე. „არა მხოლოდ მე, არამედ სხვა კანდიდატებზეც ვფიქრობთ „სამოქალაქო მოძრაობიდან“. ეს, ალბათ, შეთანხმების საგანი იქნება“, – ამბობს ის.

ამ სიას, სავარაუდოდ, შეუერთდება შალვა ნათელაშვილიც.