„მე ვითამაშე წესების გარეშე და არ მოეწონათ" - წულუკიანი მიკროფონის წართმევაზე

პუბლიკა

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში, გადაცემა „უცნობის კიდობანში” საუბრობს იმის შესახებ, თუ რა უნდა დაუპირისპირონ მათ ჟურნალისტებს, რომლებიც მისი თქმით, „თამაშის წესებს არღვევენ”.

„მხოლოდ სიმართლე საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ხმა ავიმაღლოთ და ვუპასუხოთ. მე, მაგალითად, გადავწყვიტე, რომ, რადგან მინისტრი ვარ და პოლიტიკაში ვარ, თავი აღარ დავხარო. ვაკეთებდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელიც უნდა დავიცვა. მაგრამ თუ მეორე მხარე არ იცავს, გამოდის, რომ ეს არის თამაში წესების გარეშე და მაშინ ვითამაშოთ წესების გარეშე. რაც მე გავტესტე და ვითამაშე წესების გარეშე და არ მოეწონათ”.

მინისტრი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ 5-6 ივლისის მოვლენების დროს „საზოგადოებამ ხმა აღიმაღლა”, თუმცა იქვე აყოლებს, რომ „რა თქმა უნდა, იქ იყო დასაგმობი ფაქტებიც”.

კულტურის მინისტრის თქმით, საუბარი იყო მიკროფონების რევოლუციაზე: –  „მაგრამ ახლა მიკროფონი აღარ აქვთ, მე მაქვს სახლში”.

წულუკიანი საუბრობს საკანონმდებლო რეგულაციებზეც: „გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ვემხრობი. იქნება ეს fake-ნიუსი თუ ვალდებულებების ნაწილის გამკაფიოება, რა არის საერთოდ ეს ჟურნალიზმი. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში წერია, რომ ინფორმაციის გავრცელებას თან ახლავს ვალდებულებები, რომ ეს ვალდებულებები ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს. მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ადამიანებმა მოაწესრიგონ საკუთარი ქცევა.

თუ მეორე ადამიანი სისტემატურად ცდილობს, რომ დამჩაგროს, მოდაშია ახლა ეს სიტყვა „დამაბულინგოს“ – და გათვლა აქვს იმაზე, რომ მე თავჩაქინდრული ამას ვიტან, როგორც ძველად ჯარში რომ ხდებოდა – მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის ვალდებულება. მე ავიტანე ძალიან ბევრი”, – ამბობს თეა წულუკიანი.