„მეამა“ აცხადებს, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი „ტვ იმედთან“ და „პოს ტვ-სთან“ თანამშრომლობაზე

პუბლიკა

კომპანია „მეამა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი „ტვ იმედთან“ და „პოს ტვ-სთან“ თანამშრომლობაზე.

„გვსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ ცრუ კამპანიაზე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე. კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

„ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან“, – განაცხადა გუშინ, 28 თებერვალს „ფორმულასთან“ კომპანია „მეამას“ დირექტორმა ლაშა შარიქაძემ. „მეამა“ გასული წლის III და IV კვარტალში „იმედისა“ და „პოსტივის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კონტრიბუტორი იყო.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, „მეამამ“ რეკლამის, პროდუქტის განთავსებისა თუ საეთერო დროის სანაცვლოდ „პოსტივის“ 100,000-დან 500,000 ლარამდე გადაუხადა როგორც მე-3, ასევე მე-4 კვარტალში. „ტელეიმედს“ კი 500,000 ლარზე მეტი გადაუხადა როგორც მე-3, ასევე მე-4 კვარტალში.

დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული არხები 24 თებერვალს დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. სანქციები აქტივების გაყინვას, სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვას მოიცავს.