მეამაყებით, გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, რეკომენდაციების პირველი ნაწილი შესრულებულია - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართვას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს პირველი ასეთი გამარჯვება.

მივესალმები სწორ გადაწყვეტლებას, მიღებულს ხელისუფლების მიერ, გამოეწვია ეს კანონპროექტი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა, ის რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში და ის ერთიანობა. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება.

ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არაჩვეულებრივი განწყობა და ხალხის ნება. ეს ასევე იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ყველა იყო გაერთიანებული და ეს კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით, მე დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდთ ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია, რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ. ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს. ვეტო აღარ არის ცარიელი ვეტო, რადგან ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ. თქვენ თუ გაქვთ ჩემი იმედი, მე მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა, არამხოლოდ ახალგაზრდობა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არ არის პირველად საქართველოს ისტროიაში, ეს არის ის, რითიც მოვდივათ, აქ ვართ და მივაღწიეთ ამდენს.

მე აქ ვარ ამერიკაში, მექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ, იმიტომ რომ საჭიროა დღეს გავამყაროთ ჩვენი პოზიციები და ამაში მნიშვნელოვანია თვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი და ეს უნდა მივიტანო პარტნიორებთან, რომ მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ.

საქართველომ დაანახა, სად დგას, რა უნდა და ამაში არ შეიძლება, ვინმეს ეჭვი შეეპაროს.

მეამაყებით, გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, რეკომენდაციების პირველი ნაწილი შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საით მიდის და იცის, როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.