მეათე წელია, უშედეგოდ გვპირდებიან ახალ შენობას და გაუსაძლის პირობებში ვმუშაობთ - ინფექციურის განცხადება

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის, კომენტარს გამოეხმაურა, რომ, თითქოს, ინფექციურისთვის ახალი შენობის ძებნა ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფექციური საავადმყოფოს განცხადებით, 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ საავადმყოფოს ტერიტორია „ავერსს“ მიჰყიდა, მათ ჰპირდებიან ახალ შენობას, თუმცა პირობა აქამდე არ შესრულებულა და საავადმყოფოს ისევ ძველი შენობის ნაწილში, მძიმე პირობებში უწევს საქმიანობა.

„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიჰყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი წოწოკალურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არა გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.