პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელის, ანრი ოხანაშვილისადმი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ „TV პირველის“ დამფუძნებელმა „უმძიმესი პროვოკაცია“ მოაწყო, რაზეც სათანადო პასუხი მიიღო და ამ სიტუაციაში, ისიც იმავეს გააკეთებდა.
„ყველამ იცის, რა როგორ მოხდა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კონკრეტული საელჩოს ტერიტორია პროვოკაციის მოწყობის არეალი გახდა. ეს არის ძალიან სამწუხარო.
რაც შეეხება გაგრძელებას, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი. კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, პარტიის შიგნით ანრი ოხანაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვება არ განიხილება.
„ჩვენ ვიცით, რა უთხრა, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებთ, პირველ რიგში, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჩვენ ვერ დავეშვებით „ჭუტას“ დონეზე. „ჭუტას“ დონეზე არ დავეშვები არასდროს.
კიდევ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას კანონისა და ეთიკის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია – მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„TV პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.