მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი

პუბლიკა

თბილისში მომხდარი მკვლელობის გამო, დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში. როგორც ბერიძე ამბობს, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვეა, საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.

თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას მოითხოვდა. მათ შორის მიმდინარეობდა დავა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და, ჯერჯერობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.