მეჭიაური ამბობს, რომ თანახმაა კოალიციურ მმართველობაზე

პუბლიკა

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მზადაა კოალიციური მმართველობისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ამის შესახებ მან „პუბლიკასთან” ისაუბრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ილია არჩემაშვილის მისი მოადგილის თანამდებობაც შესთავაზა, თუმცა ამ კუთხით კონსულტაციები კვლავ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„ორნი გავედით მეორე ტურში, „ქართული ოცნება” და მე. მესამე პოზიციაზე იყო „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ილია არჩემაშვილი, რომელიც არის „პარტია პროგრესი და თავისუფლებიდან”, ისინი „ნაციონალური მოძრაობის” სიით მონაწილეობდნენ. 19% აიღო ამ კაცმა და ამხელა მხარდაჭერის მქონე პიროვნებასთან თანამშრომლობა, რატომაც არა. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი რაიონის მსახურება არის ჩვენი უზენაესი ამოცანა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევაჯერებთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის იქნება პრიორიტეტული”, – ამბობს მეჭიაური.

მისი თქმით, კონსულტაცია მიმდინარეობს სხვა ძალებთანაც. რაც შეეხება ილია არჩემაშვილს, მეჭიაური ამბობს, რომ მისი მოადგილე დიდი ალბათობით ის იქნება. „თუმცა ეს კონსულტაციები ბოლომდე დასრულებული არ არის. მე მზად ვარ, რომ მას ეს თანამდებობა შევთავაზო და შეთავაზებულიც მაქვს”.

რაც შეეხება შეკითხვას, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებაზე, რომ „გზა დაუთმოს „ოცნების” ახალგაზრდა და ნიჭიერ კანდიდატს”, მეჭიაური პასუხობს: „ჩემი ასაკის რომ გახდება პრემიერი, თუ მაშინაც იგივე აზრზე იქნება, დავფიქრდები, გადავდგე თუ არა”.


თიანეთის თვითმმართველ თემში მეორე ტური დაინიშნა. პირველ ტურში მერის არჩევნებში „ოცნების” კანდიდატმა ლევან წიკლაურმა 43.2% აიღო, მეჭიაურმა 30.9%, „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ილია არჩემაშვილმა 18%.