„მეჩვენება, რომ ეს არის თავის არიდება“ - სარჯველაძე ჯანეზაშვილის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ეს პროცესი არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე კანდიდატის შერჩევას, არამედ, ფიქრობს, რომ „ეს არის, უბრალოდ, ერთგვარი შოუ“, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ სურს. მისივე განმარტებით, კანონით, რეგლამენტითა და პროცედურებით რომელიც დააწესა პარლამენტმა, არ არის სავალდებული გასაუბრებაზე გასვლა.

ჯანეზაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია, როგორც იქ მსხდომი დეპუტატებისთვის, ასევე, სხვა კანდიდატებისა და საზოგადოებისთვისაც.

„მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ არის გათვალსიწნრბული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება, ამის ფუნქცია და დანიშნულება არამხოლოდ დაპუტატების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა, ეს არის საზოგადობის ინფორმირებულობის საშუალება…

კომიტეტის სახელით უნდა ვთქვა, რომ ერთგვარი უპატივცემულობაა აქ მსხდომი დეპუტატების მიმართ, როდესაც ასეთ რამეს აკეთებს და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ კუთვნილი უფლებით ისარგებლოს დაპუტატმა და კითხვა დაუსვას.

ეს იმავდროულად არის სხვა კანდიდატების შეურაცხყოფაც, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში და მათი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს.

ვფიქრობ, რომ არის საზოგადოების უპატივცემულობაც, რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ჯანეზაშვილის განცხადება „უხერხულია“ და ორი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

„პირველი – ქალბატონმა ნაზიმ კარგად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა არ არსებობს და კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მოწადინებული ვართ რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ…

მეორე მეჩვენება, რომ ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის იმიტომ, რომ ახლოს მდგომი ეს შეხედულებები პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებთან, რომლებიც უკავშირდება ამ პროცედურების დამცირებას, აშკარაა.

ვშიშობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს და ეს ყველაფერი შეიძლება ნაკარნახევი იყოს იმით, რომ შეიძლება, ვერაფრით ვეღარ აიხსნას ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, თითქოს და [გასაუბრებებს] აზრი არა ქვს და ფარსის სახეს ატარებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 15 კანდიდატს. ამ წუთებში ადვოკატ გიორგი ცობეხიას უსმენენ, შემდეგ კი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას მოსმენაა დაგეგმილი. დღეს უნდა მოესმინა პარლამენტს ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც.