თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ორბელიანის მოედანზე „რუსული სოფელია” მოწყობილი.
„ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე, პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორბელიანის სასახლის წინ „რუსული სოფელი“ მოუწყვეს.
„აგერ რუსული სოფელია ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს. არა მგონია არც ერთ ქვეყანაში… სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება.
…. მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა ა ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად, “- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არის მოწყობილი ე.წ. საახალწლო სოფელი ორბელიანის სასახლის წინ. კახა კალაძემ თქვა, რომ დედაენის ბაღში დასაქმებულებმა სთხოვეს მერიას, რომ საახალწლო სოფელი გადაეტანათ სხვაგან. მისი თქმით, სწორედ ამის გამო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გაშალეს ე.წ. საახალწლოს სოფელი და ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ასევე, თბილისი მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება „ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მისი და მისი კარიერისთვის“.