„ოცნებამ“ დააინიციირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეცნიერების აკადემიის წევრებს ხელფასი ეზრდებათ.
პროექტის მიხედვით:
- აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქნება არანაკლებ 2000 ლარი, ნაცვლად არანაკლებ 1600 ლარისა;
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში გახდება არანაკლებ 1250 ლარი, ნაცვლად არანაკლებ 1000 ლარისა;
- აკადემიის სტიპენდიატის ანაზღაურება იქნება ასევე 1250 ლარიდან, ნაცვლად 1000 ლარისა.
ამავე პროექტით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალურ ანაზღაურება გაუთანაბრდება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურებას.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცა შესაძლებლობა, აირჩიოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტები. ზემოაღნიშნული ცვლილება არ შეხებია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომელშიც წევრ-კორესპონდენტთა არჩევა შეწყდა 2009 წლიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის შესაძლებლობა, ისე რომ არ შეიცვლება კანონით დადგენილი წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატთა საერთო რაოდენობა“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ხელფასების ზრდა მეცნიერებათა აკადემიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან მოხდება. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემთხვევაში კი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან.
მეცნიერებათა აკადემიის წევრების ხელფასების ზრდა „მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპითაა“ დასაბუთებული.
„უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია. ამ რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია აკადემიკოსების, აკადემიის წევრკორესპონდენტების და სტიპენდიატების კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურების კორექტირება. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ბოლო წლებში განხორციელდა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ჯამურად 46%-ით გაზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, ასევე გაიზარდა სსიპ-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული პირები არ დარჩნენ სახელფასო პოლიტიკის ერთიანი მიდგომის მიღმა“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
მიღების შემთხვევაში კანონი ძალაში შევა 2025 წლის 1 სექტემბრიდან.