მეცნიერი თემურ ქანთარია-ჯაბადარი, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამირანაშვილის მუზეუმიდან წამოსვლისას, ადმინისტრაციისგან მიიღო პირობა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შეხედულებები აქვთ, არ შეეზღუდებოდათ მომავალში სამეცნიერო მუშაობა. მისი თქმით, 8 თვის განმავლობაში კვლევისთვის მუზეუმში შესვლას ვერ ახერხებს.
„მახსოვს, როცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება ახლანდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკით უკმაყოფილების ნიშნად… დაგვეტოვებინა ჩვენი თანამდებობები ახლანდელმა მმართველმა მოგვცა პირობა, რომ ის ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად არ შეგვიშლიდა ხელს, არ შეზღუდავდა ჩვენ სამომავლო სამეცნიერო საქმიანობას, კერძოდ ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისადმი წვდომას (ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მომყავს როგორც ფაქტი).
მას შემდეგ 8 თვე გავიდა, და დაახლოებით 5 განცხადება. ეროვნული მუზეუმში შეტანილ განცხადებებში ვითხოვ: ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ არაერთი მუზეუმის, სხვადასხვა ფონდების ექსპონატების ნახვას, მათზე ინფორმაციის მიღებას და ფოტოს გადაღებას ან არსებული ფოტო-დოკუმენტაციის მოწოდებას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდებზე წვდომას“, – აცხადებს ის.
მისი თქმით, მან სცადა ხელოვნების მუზეუმის დირექტორთან შეხვედრა, თუმცა მუზეუმში არ შემიშვეს და დირექტორმა მოუცლელობის გამო ვერ მიიღო. მისი თქმით, ამ დროის მანძილზე არცერთ განცხადებაზე არ ყოფილა ოფიციალური რეაგირება მუზეუმის წარმომადგენლების მხრიდან.
„აღნიშნული ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებების შეზღუდვაა, იმ სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან (მუზეუმი), რომლის უშუალო ვალდებულებაა საკუთარი კოლექციების პოპულარიზაცია და კვლევა. მუზეუმის ამგვარი უმოქმედობა ასრულებს შემაფერხებელ როლს მკვლევრის განვითარებაში და მის სრულფასოვანი პროფესიულ/სამეცნიერო საქმიანობაში“, – წერს ის.