მეცნიერთა პროფკავშირი თეონა ჯაყელის გადადგომაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

მეცნიერების განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირი, ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის, თეონა ჯაყელის გადადგომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თეონა ჯაყელი თეა წულუკიანის გუნდის წევრი იყო და მისი თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელდა მუზეუმში უსამართლო რეორგანიზაცია, თუმცა გადადგომაზე თეონა ჯაყელის გადაწყვეტილება წულუკიანის კრიტიკას ნიშნავს და კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდებს მუზეუმში მოსალოდნელი რეორგანიზაციის მეორე ტალღის შესახებ.

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილის გადადგომაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ის ეროვნულ მუზეუმში, მოადგილის თანამდებობაზე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს დაინიშნა.

გათავისუფლების მოთხოვნის წერილში თეონა ჯაყელი წერს, რომ მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა მის პროფესიულ ხედვას.

თეონა ჯაყელის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. გამოცემა სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეონა ჯაყელს რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მუზეუმის გენერალური დირექტორის მეორე მოადგილესთან, ნიკა ახალბედაშვილთან.

პროფკავშირის განცხადება სრულად

მეცნიერების განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირისთვის ცნობილი გახდა, რომ ა/წ 13 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა დაკავებული თანამდებობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებისა და საკადრო პოლიტიკის ხედვასთან უთანხმოების გამო დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თეონა ჯაყელი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გუნდის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ, განახორციელა უსამართლო რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ათეულობით კვალიფიციური და დამსახურებული პროფესიონალის გათავისუფლება, თეონა ჯაყელის განცხადება გათავისუფლების თაობაზე შეგვიძლია განვიხილოთ ქალბატონი მინისტრის პოლიტიკის კრიტიკად.
თეონა ჯაყელის მინისტრის საკადრო პოლიტიკასთან დაპირისპირება, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენ ვარაუდებს მუზეუმში მოსალოდნელი რეორგანიზაციის მეორე ტალღის შესახებ, რასაც სავარაუდოდ თან სდევს საკადრო წმენდაც. ეს მოსაზრება გამყარებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე განხორციელებული ორი რეორგანიზაციის ფაქტით.
უნდა აღინიშნოს, რომ თეონა ჯაყელი 2023 წელს ბრიუსელში „ევროპალიას“ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენების პროექტსა და 2024 წლის კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურის გამოფენა მოწყობის პროცესს ხელმძღვანელობდა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ახალ მმართველ ჯგუფს, თეონა ჯაყელის გარეშე, კულტურის სფეროში არსებული კომპეტენციის ის მინიმალური კომპონენტიც გამოეცლება, რომელიც მას უკანასკნელი რეორგანიზაციის შემდეგ შემორჩენოდა, მუზეუმში პროფესიონალების შევიწროებისა და დისკრიმინაციის მიმდინარე პოლიტიკის ფონზე კი, შეუძლებლად გვესახება ამ პროექტების განხორციელება.
მოვუწოდებთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეწყვიტოს კულტურისა და მეცნიერების სფეროში დისკრიმინაციული და რეპრესიული პოლიტიკის წარმოება. მოუსმინოს და მისცეს პროფესიონალებს მუშაობის საშუალება. მისი პოლიტიკის მცდარობაზე როგორც ვხედავთ მისი გუნდის წევრებიც ალაპარაკდნენ.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მიიღოს ზომები ამ დისკრიმინაციული და დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.