ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია. ამის შესახებ მან დღეს პლენარული სხდომის გახსნაზე ისაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეებს.
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა თბილისში და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მშვიდობიანად იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს წყლის ჭავლის ქვეშ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ. ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ასეთი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე”, – აღნიშნა მან.
მეცოლას თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები ზურაბიშვილთან იმის შესახებ, თუ რა ფორმატში წარსდგება ის ევროპარლამენტში.