Media Defence სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Media Defence სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო

საერთაშორისო ორგანიზაცია Media Defence სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის პოზიციაც წარმოადგინა.

Media Defence იურიდიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს, მოქალაქე ჟურნალისტებს და დამოუკიდებელ მედიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაციის წერილობითი პოზიციის მიხედვით, რუსული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ხელს უშლის მედიების და ჟურნალისტების საჯარო დებატებში ჩართვას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გაგრძელებას, იწვევს მათ სტიგმატიზებას და ასევე აქვს მსუსხავი ეფექტი.

წერილობითი პოზიციის თანახმად, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო ეფექტიანი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხვა რეპრესიულ ზომებთან ერთად, ამ ტიპის კანონებს აქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ გამოიწვიოს დამოუკიდებელი მედიის გაქრობა. შესაბამისად, ამ საქმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მედიებისა და ჟურნალისტებისთვის.

Media Defence-ის შეფასებით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

Media Defence-ის წერილობითი პოზიციის მიხედვით, ამ კანონმდებლობის დამანგრეველი გავლენა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედებზე Ecodefence-ისა და Kobalya-ს გადაწყვეტილებებში იყო აღწერილი. „რუსული კანონის“ გავლენა, სავარაუდოდ, მსგავსი იქნება.

ასევე, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უნგრეთის მთავრობის მცდელობა, შემოეღო „უცხოეთის აგენტის“ ტიპის მსგავსი კანონი, ევროპის კავშირის სამართლის სადამფუძნებლო სამართლის ნორმების დარღვევად იქნა მიჩნეული. კერძოდ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონების „შინაარსმა და ერთობლივმა ეფექტმა“ მასტიგმატიზირებელი გავლენა იქონია ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონი შეეხო და უბიძგა მათ, აღარ გაეგრძელებიათ თავიანთი საქმიანობა.

Media Defence-ის შეფასებით, რუსული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ასპექტი თითქმის დარწმუნებით ნიშნავს ჟურნალისტურ წყაროებთან ურთიერთობის წესის ცვლილებას. კანონმდებლობის შეუსრულებლობისთვის სანქციების დაწესების რისკის გამო, სარედაქციო ავტონომია ირღვევა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა „უცხოური აგენტების“ მოქმედებით გამოწვეული „მსუსხავი ეფექტი“ საჯარო დისკურსსა და სამოქალაქო ჩართულობაზე. კერძოდ, მსუსხავი ეფექტი“ წარმოადგენს ჩარევას არა მხოლოდ მედიის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში, არამედ მედიის მსმენელთა/აუდიტორიის უფლებაში, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივ გავრცელდებოდა მათი საქმიანობის ფარგლებში.

გარდა ამისა, Media Defence-მა თავისი წერილობითი მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) ფარგლებშიც დააფიქსირა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დაწესებულ შეზღუდვებსა და გამჭირვალობის მიზანს შორის, არ ჩატარებულა გამოკვლევა იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივები. შესაბამისად, საკითხი, არსებობს თუ არა ლეგიტიმური მიზანი, მოითხოვს უმკაცრეს შემოწმებას, ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სანამ არ არსებობს ობიექტური და შესაბამისი გამართლება, რისი დადგენაც ზემოთ აღნიშნული „უცხოეთის აგენტების“ ტიპის კანონებთან მიმართებით რთულია, მოპყრობაში განსხვავება უკანონო დისკრიმინაციას წარმოადგენს.

სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში მესამე მხარედ ასევე ჩაერთო ვენეციის კომისია, „თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ალიანსი“ (Alliance Defending Freedom International-მა – ADF International) და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.