„მედია - ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე“ | TI წინასაარჩევნო მედიაგარემოს აფასებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“(TI) წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ მედია ძალადობისა და უკანონო მოსმენის სამიზნეა.

ანგარიში მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. TI-ის ცნობით, მასში მოყვანილი ცალკეული მაგალითები აღწერს იმ ძირითად ტენდენციებს და გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს ქართული მედია დგას.

„გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით:

  • მედიაგარემოს მიმართებით მდგომარეობამ ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.  ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის. საანგარიშო პერიოდში მედიის წინააღმდეგ თავდასხმისა თუ მუქარის ათობით ფაქტი დაფიქსირდა. საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

  • ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს. მაგალითად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ, მიუხედავად არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებისა თუ სახალხო დამცველის მოწოდებისა.

  • მონიტორინგის  პერიოდში დაფიქსირდა  სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე  ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა.

  • მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო, რაც დამატებით ახალისებს მედიის წინააღმდეგ ძალადობას და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. მართალია, ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის მიმართ მცირე ხნით შეწყვიტა ბოიკოტი, თუმცა მალევე განაახლა ეს რეჟიმი და დღეისათვის  მათ პოლიტიკურ გადაცემებში არ მონაწილეობს.

  • ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედია კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების  შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55-მა ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი.

  • კვლავაც გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით.

  • გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტების მასობრივი უკანონო მოსმენები

TI-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ქვეყანაში არსებული უკანონო მოსმენების მასობრივი ფაქტებია, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ორგანიზაცია წერს, რომ მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი.

ძალადობის ფაქტები მედიის წინააღმდეგ

ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტებისთვის ფიზიკური უსაფრთხოება, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საშიში გახდა.

„ანსაკუთრებული რისკის ქვეშ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან, რასაც კიდევ უფრო ახალისებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და მომხდარი ძალადობრივი ფაქტების არასათანადო გამოძიება“, – წერს TI.

ამავე ანგარიშში განხილულია 5-6 ივლისის მოვლენები, ვახო სანაიას ცემის საქმე და სხვადასხვა ჟურნალისტის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. „გამჭვირვალობის“ შეფასებით, ეს აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ორგანიზაციის ცნობით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებაში მონაწილეობენ ასევე ცალკეული სასულიერო პირებიც.

ამავე ანგარიშში საუბარია ხელისუფლების ბოიკოტზე კრიტიკული მედიის მიმართ, ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის, მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და წყაროს იდენტიფიცირების მცდელობის შესახებ.

ანგარიშში მოხვდა გურამ როგავასა და თეონა ცხომელიძის მიერ „რუსთავი 2-ის“ დატოვებაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს ვრცლად გაეცანით ბმულზე.