მედიაკოალიცია: დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიეთ ჟურნალისტებზე თავდასხმა

პუბლიკა

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიოს 16 აპრილს შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლით, ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.

„16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების „პუბლიკის”, „ტაბულას“ და „აპრილის” ჟურნალისტებს. ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღოდა ონლაინ გამოცემების დაშვების აკრძალვა პარლამენტში კანონპროექტის სასესიო განხილვებზე.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხშირ მოვლენად იქცა, რაც  სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიონ ეს შემთხვევა, დაადგინონ დამნაშავეები და დასაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

ხელისუფლებამ გაატაროს  ყველა საჭირო ზომა მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად მომავალში, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.


გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს – სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს; სცემეს „აპრილისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს – გიორგი ბასხაჯაურსა და  გიორგი ბადრიძეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი, რომლებსაც დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, ყველა მათგანი ნაცემია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, გუშინ ხელისუფლებამ უგულებელყო შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება და პოლიციელებმა საპროტესტო აქციის დროს საფრთხე შეუქმნეს ადამიანთა ჯანმრთელობას.