მედია კოალიცია: საზმაუ ხელისუფლების გავლენის ქვეშაა, ეს განსაკუთრებით საშიშია არჩევნების წინ

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების მოულოდნელად დახურვა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშაა, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, კერძოდ: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ,“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები”, არხი „ტელესკოლა“ და “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.

გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის  შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო, მოგვიანებით კი ის ფინანსების რესტრუქტურიზაციას დაუკავშირა.

კოალიციისთვის საგულისხმოა, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი მომდევნო ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

ასევე, კოალიციის განცხადებით, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა “რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან.

„ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, დათო გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით „ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, „რუსული კანონის” მიღება”. – აცხადებენ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები.

მედია კოალიცია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა, შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში.
  • კოალიცია, ასევე მოაწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.