ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო აგენტმა მინეაპოლისში 37 წლის ქალს საკუთარ მანქანაში ესროლა და მოკლა. შემთხვევის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
Reuters-ის ცნობით, შემთხვევა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ოპერაციის დროს მოხდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ აგენტმა თავდაცვის მიზნით გაისროლა, რადგან ქალი მანქანით დაჯახებას ცდილობდა.
მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი კატეგორიულად უარყოფს, რომ აგენტმა თავდაცვის მიზნით გაისროლა და ამბობს, რომ შემთხვევის ამსახველი ვიდეო პირდაპირ ამტკიცებს, რომ მთავრობის ნარატივი „ნაგავია“.
მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რადიკალი მემარცხენეები“ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და ICE-ის აგენტებს თავს ყოველდღიურად ესხმიან.
„ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, პროცესს ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ და სასტიკად გადაუარა ICE-ის ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით ესროლა“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მომხდარიდან რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ფედერალურმა აგენტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.