მედია: მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

პუბლიკა

დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.

პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ცნობა დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის.

„ბიბისის“ ცნობით კი, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.


გუშინ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა  ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია – 115 ადამიანი.

თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი „სათანადოდ გაუმკლავდება”.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვნელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკაინის დაზვერვის სამსახურის სპიკერის, ანდრიი იუსოვის თქმით კი, რუსეთში მომხდარი „პუტინის გააზრებული პროვოკაციაა”.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ რუსეთში მომხდარ თავდასხმაში.