მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა.

სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ.

გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში, სადაც ბაზის მუდმივი ლოკაციაა, რუსეთს ამ კლაფისიფიკაციის სულ 3 სამხედრო გემი ჰყავს. აქამდე ოჩამჩირეში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) რამდენიმე კატერი იდგა.

„ამ პროექტის გემის ოჩამჩირის პორტში შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემის მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია”, – წერს გამოცემა.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 2023 წლის 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.

ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.

23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

სკიბიცკიმ თქვა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა.