რუსული სამთავრობო მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.
„ინტერფაქსი“ საავიაციო სამსახურებიდან წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თვითმფრინავი ხუთშაბათს დილით ადრე დაეშვა ათათურქის აეროპორტში. „ტასის“ წყარო კი ამბობს, რომ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დოლმაბაჰჩეში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ოფისში გაიმართება.
სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მის გარდა დელეგაციაში არიან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ ის ხუთშაბათს თურქეთში პირადად ვლადიმერ პუტინს ელოდება. ზელენსკი ანკარაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს.
თურქეთში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, რომელიც ანტალიაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ლატვიის, ესტონეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.