მედია: საფრანგეთმა რუსი ჟურნალისტების ნაწილს ოლიმპიური თამაშების გაშუქების უფლებაზე უარი უთხრა

პუბლიკა

უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ, „სიფრთხილისა” და პოტენციური „ჯაშუშობის საფრთხის” გამო, რუსი ჟურნალისტების ნაწილს 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გაშუქების უფლებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სპეცსამსახურების მიერ 960 000 დოსიე შემოწმდა და 4340 ადამიანს უარი ეთქვა ოლიმპიადაზე მუშაობასა და თამაშებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობაზე. მათ შორის არიან მოხალისეები, სტადიონზე მომუშავეები და სპორტული დელეგაციის წევრები.

შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა მათ შორის „ჯაშუშების“ გამოვლენა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათი რაოდენობა ასზე ნაკლებია.

„რუსეთი, ბელორუსია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, რომელთა სიას არ გავამჟღავნებ,” – თქვა მან.

მედიის ცნობით, დარმანინს ეჭვი ეპარება, რომ პოტენციურ „ჯაშუშებს“ შეეძლოთ რაიმე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება თამაშების დროს, მაგრამ მან გამოთქვა შეშფოთება ადგილობრივ ქსელებზე წვდომის შესაძლებლობის გამო კიბერთავდასხმების განსახორციელებლად.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება.