მედია: სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ის ერთეულს ივანიშვილისთვის $742.7 მილიონის გადახდა დააკისრა

პუბლიკა

„ბლუმბერგის“ ცნობით, სინგაპურის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ ერთეულ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $742.7 მილიონის გადახდა დააკისრა.

19 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში „ბლუმბერგი“ წერს, რომ სასამართლოს მიერ 2023 წლის მაისში დაკისრებული 926 მილიონი დოლარი გადაიხედა, რადგან იმ დროს სასამართლომ განაცხადა, რომ ორმაგი გადაფარვის თავიდან ასაცილებლად თანხა შემცირდებოდა. ბერმუდას სასამართლომ კომპანიას გასულ წელს ივანიშვილის ზიანის ასანაზღაურებლად 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება კერძო ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმეს, რომელიც 2018 წელს თაღლითური სქემის გატარებისთვის გასამართლდა. საქმის მიხედვით, მან ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხა აიღო რუსი კლიენტების პორტფოლიოებში მზარდი ზარალის გადასაფარად.

ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და „კრედიტ სუისი“ მის გასაჩივრებას განაგრძობს.