„მედიააკადემიამ“ IDFI-ისთან სასამართლო დავა სააპელაციოშიც წააგო

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მედიააკადემიას“ სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი („მედიააკადემია”) სასამართლომ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „მედიააკადემია” მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონების საფუძველზე დააფუძნა.

კომისიამ „მედიააკადემიის” დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთარი უფლებამოსილებები „მედიააკადემიას” გადასცა, რის გამოც IDFI მიიჩნევს, რომ მასზე სრულად უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და მოთხოვნები.

2020 წლის 24 იანვარს, IDFI-იმ „მედიააკადემიას“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით მიმართა, რომლითაც სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და დანახარჯების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

„მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე და წერილში მიუთითა, რომ ის არ გახლდათ ადმინისტრაციული ორგანო და კანონი მას არ ავალდებულებდა ინფორმაციის გაცემას. მიღებული უარი IDFI-ს იურისტებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრეს, თუმცა დამფუძნებელმა და ზედამხეველმა ორგანომ, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” ანგარიშვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2020 წლის 7 აპრილს, IDFI-მ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, რამდენადაც „მედიააკადემია” წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით.

2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

მეორე ინსტანციაში საქმის განხილვისას, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სამართლის დოქტორმა (პოტსდამის უნივერსიტეტი, გფრ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორმა პაატა ტურავამ.

IDFI -სი ცნობით, პროფესორი პაატა ტურავა მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წ. 25 თებერვლის #3/2660-20 გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, რამდენადაც სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს და დაადგინა, რომ ა(ა)იპ ,,მედიააკადემია“ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და მასზე, როგორც საჯარო დაწესებულებაზე ვრცელდება სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება.

2021 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო  სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ა(ა)იპ „მედიააკადემიას” უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.